ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მისი ადვოკატი 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულმა დეპუტატმა ბრალდების მხარეს და მოსამართლეს “ნაცები” უწოდა.
“რადგან დაეთანხმეთ [პროკურატურის შუამდგომლობას], ე.ი. თქვენც გადაებით იმ რგოლს, რომელიც ნაცების დროს იყო… ეს არ არის. ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს, არავინ არაფერს მეკითხება, ხო?… აბა, როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა, როგორ შეიძლება? ვინა ხართ ხალხო, წერა-კითხვა არ იცით, თქვე ნაცებო, თქვენ, ყველანი. ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაგიტოვათ შანსი, რომ ადამიანურად გეცხოვრათ, მაგრამ პირიქით,” – თქვა გრემელაშვილმა სხდომაზე, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს.
ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის თელავის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად პატრიოტთა ალიანსის წევრი მიხეილ გრემელაშვილი 9 ივლისს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 2020 წლის ივნისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე შვილს, 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანის, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით.