“წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება” – ბენდელიანი

“წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება”- აცხადებს თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი. ბენდელიანი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

“რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს. ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან, ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების. მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები”. – თქვა ბენდელიანმა.