წერილის შემოქმედი ცნობილია ლობისტური საქმიანობით – კუჭავა კონგრესმენების წერილზე

ქართული ოცნების დეპუტატი კახა კუჭავა კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის მიწერილ წერილს ეხმიანება და ამბობს, რომ მის შემოქმედს ლობისტურ საქმიანობაში ფულს უხდიან.

“ეს წერილი ხელმოწერილი არის და მისი მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილი არის, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან, რომელსაც ოფიციალურად ფულს უხდიან. მისგან არა ერთხელ მიგვიღია მსგავსი წერილი და მსგავსი კრიტიკული გამონათქვამები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს წერილი დაიწერა იქამდე, სანამ მაიკ პომპეოს ზარი განხორციელდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მოწოდება იყო, რომ საუბრის დროს ეს ეხსენებინათ”,– ამბობს კუჭავა.

მისივე თქმით, წერილში საარჩევნო რეფორმის განუხორციელებლობის შესახებ წერია, რაც ტყუილია.

“მესამე, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივია და ყველაზე მეტად უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც პირდაპირ მეტყველებს ტყუილზე და სიცრუეზე. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია, რომ აღინიშნოს, იქ ნახსენებია, თქვენ თუ შეგიძლიათ საუბრის დროს ახსენოთ იმ რეფორმის არგანხორციელების შესახებ, რომელიც საარჩევნო რეფორმას უკავშირდებაო. ეს არის კონკრეტული ფაქტი, შემდგარი მოვლენა, რომელიც ყველამ იცის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ძალიან ფართო გამოხმაურება ჰქონდა საზღვრებს გარეთაც, საკმაოდ მაღალი შეფასებებიც მივიღეთ ამ კუთხით”,– ამბობს კუჭავა.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

“მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.

წერილს, რომელიც 27 ივლისი არის დათარიღებული,  ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი