“გეგმის მიხედვით, კომპანია შპს “დელტა ვებე” წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს” – ამის შესახებ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ისაუბრა და საზოგადოებას ამ კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მოხდეს უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს “დელტა ვებე” წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.” – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის თქმით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა.
”პარტნიორების დახმარებით შეირჩა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური კონტრუპილოტო სისტემა ელბიტ-ამერიკის წარმოების, რომელიც მოიცავს როგორც გადამჭერ რადარებს, ასევე ჩამხშობ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, გაფორმდა კონტრაქტი და უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალისტების მომზადება. კომპლექსების მიღებაც დაგეგმილია წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სისტემა ჩაერთვება საჰაერო თვალთვალის ერთიან სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ცის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.