კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 22:12

წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად – ირმა ნადირაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

“წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად “- ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, თეა წულუკიანის ინიციატივას ეხმაურება.

“ქართული ოცნება არის ბნელი, არის მავნებელი და ბოროტი. სწორედ ამის გამოხატულება იყო წულუკიანის ინიციატივა, რომელიც მოვისმინეთ. ალბათ არ დარჩება არცერთი ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავს ამ ინიციატივის შემოთავაზებას, ქართულმა ოცნებამ და წულუკიანმა გადაწყვიტეს, რომ ჩაერიონ ადამიანების ყველაზე პირად საქმეში. ის რაც საერთოდ არ არის მათი გადასაწყვეტი, ის რაც საერთოდ არ არის მათი საქმე, ეს არის პირდაპირ ოჯახის საკითხებში ჩარევა, წყვილების საკითხებში ჩარევა, ეს არის აბსურდული ინიციატივა. წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად, ყველა ოჯახის ნაცვლად, თუ როდის სურთ ადამიანებს ბავშვის ყოლა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ის ვერ განახორციელებს”, — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა