წყაროები: პრიგოჟინის ამბოხის გამო მოსკოვში “ეფესბესა“და სხვა ძალოვან სტრუქტურებში განგაში გამოცხადდა

BBC-ის სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, რომ “ეფესბეს“-ს მოსკოვის განყოფილებაში განგაშია. ამას ადასტურებს   წყარო სამხედრო წრეებში, რომელიც მოსკოვის გარნიზონში განგაშის შესახებ იუწყება.

მისი თქმით, დონის გზატკეცილზე (ეს არის მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზა), “ეფესბემ“  ეროვნული გვარდიის ჯარების სპეციალური სწრაფი რეაგირების დანაყოფების მხარდაჭერით  საგზაო ბლოკპოსტები მოაწყო. მორიგეებს ევალებათ ცეცხლის გახსნა „საფრთხის შემთხვევაში“. ამავდროულად, ტექნიკა მზადყოფნის რეჟიმშია, მაგრამ დანაყოფებს მისი წინსვლის ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.

კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება დასძენს, რომ მოსკოვის უშიშროების ძალები მზადყოფნაში არიან და დედაქალაქში გამოცხადდა გეგმა  “ციხესიმაგრე“- ეს არის გეგმა შსს-ს ობიექტების დასაცავად. ამ გეგმაში თანამშრომელთა ზუსტი ქმედებები სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა ცნობილია, რომ  გეგმის ამოქმედების შემთხვევაში შსს-ს შენობებში შესასვლელები და გასასვლელები იკეტება.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებს, რომ აღიძრა საქმე შეიარაღებული აჯანყების წაქეზებისთვის მუხლით.

ანტიტერორისტულმა კომიტეტმა საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ პრიგოჟინის სახელით გავრცელებულ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. და კიდევ ერთი: „ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის “ეფესბემ“ აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პარასკევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც რუსი ბიზნესმენის თქმით „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია ზუსტად სად მოხდა დარტყმები.

პარასკევს საღამოს პრიგოჟინის არხებზე გამოჩნდა “ვაგნერის” მეთაურთა საბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება. მასში პროგოჟინის ხმის მსგავსი ხმა აცხადებს, რომ აპირებს შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს.” პრიგოჟინი მოუწოდებს მებრძოლებს, რომ “არავის არ გაუწიონ წინააღმდეგობა” და პირობას დებს, რომ გაანადგურებს ნებისმიერ საგზაო საგუშაგოს და ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც მათ გზაზე გადაეღობებათ.

პრიგოჟინი აცხადებს, რომ მას განკარგულებაში არის 25 ათასი მებრძოლი და ყველა მსურველს, მათ შორის რუსეთის არმიის მებრძოლებს მოუწოდა შეუერთდნენ “ვაგნერს”.

გარდა ამისა, პრიგოჟინმა თქვა, რომ პარასკევს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, დონის როსტოვში იმყოფებოდა “სპეციალურად ” ვაგნერის” გასანადგურებლად” და იქიდან გაიქცა, რათა მისთვის ახსნა–განმარტება არ მიეცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია “ვაგნერის”  ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული არცერთი მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების შესახებ. “მიიღება საჭირო ზომები “, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.