პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი ეხმიანება ქართული ოცნებიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას და ამბობს, რომ თუ ყოფილ პრემიერს პროკურატურაში არ დაიბარებენ, მაშინ ის ივანიშვილის პროექტია.
მისი პროგნოზით, გახარიას ივანიშვილი შეაქმნევინებს პოლიტიკურ კრიზისს, შემდეგ კი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
„თუ პროკურატურაში არ დაიბარებენ, არც კითხვები ექნებათ მათთან, თუნდაც გახარიას შს მინისტრობის პერიოდზე, ზოგადად კი, თუ გახარია თავად არ ახსნის და პასუხს არ გასცემს იმ ბევრ კითხვას, რომელიც რეალურად არსებობს, მაშინ „ქართული ოცნების“ ეს ე.წ. კრიზისი ხელოვნურია და ივანიშვილის პროექტი.
გახარიას ქმნიან პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც თავის მხრივ შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და სანამ ოპოზიცის ნაწილი მუდმივად პარლამენტში შედი-არშედიზე საუბრობს, შესულები გარეთ სწორედ გახარიას მეშვეობით დარჩებიან, კობახიძეზე გადაბარებულ „ოცნების“ ნარჩენებთან ერთად. ამ ყველაფერს კი ძალიან მალე დავინახავთ, თუ მის გუნდში ის უპრინციპო ბიზნესმენები დაიწყებენ გადალაგებას, ვისაც მხოლოდ საკუთარი კომფორტი აღელვებს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.