ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ინდივიდუალურ ხელმოწერას და ამბობს, რომ მან პოლიტსაბჭოს პოზიცია არ გაითვალისწინა.
“სამწუხარო რეალობაა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა სალომემ. ფაქტია, რომ ის არჩევნების მეორე დღიდან მომხრე იყო პარლამენტში შესვლის და ამაზე საჯაროდ საუბრობდა. ვწუხვარ, რომ ის არ დაელოდა ნიკა მელიას გათავისუფლებას, ან არ გაითვალისწინა ის პოზიცია, რომელიც ჰქონდა პოლიტიკურ საბჭოს. ჩვენთვის მიუღებელია ნიკა მელიას პატიმრობის დროს რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა, იმიტომ რომ ჩვენგან ხელი ვინც უნდა მოაწეროს, ის ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში”,– აცხადებს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, სამადაშვილის გადაწყვეტილება, რომ “პაუზა აიროს და მოლაპარაკებებს ენმ–ს სახელით აღარ იაროს”, სწორია, რადგან პოლიტსაბჭო ამაზე მაინც იმსჯელებდა.
“რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ რაც ეს დამოუკიდებლად მიიღო, სწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ პოლიტსაბჭო ისედაც იმსჯელებდა ამ ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე”,– აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის ნაწილთან ერთად შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. ხელმოწერაზე უარს ამბობს ნაციონალური მოძრაობა.