ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა – ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები – 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.
ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები – ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?“ – აღნიშნა იმნაძემ.
„ეს ის სოფელია(მუშევანი), სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია… სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.
ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს“, – განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებიან.