შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ.
იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.