ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლების ისტორიული მარცხი – როცა შესაძლებლობის ფანჯარას ვერ იყენებ, ეს მარცხია და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა კატასტროფული მარცხი განიცადა – ასე აფასებს პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ევროკომისიის გადაწყვეტილებას.
“მთავარი არხისთვის“ ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში არხის დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეების ხელშია და სწორედ მოქალაქეებმა, რომლის 85% ყველა გამოკითხვაში ამბობს, რომ საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავს, ამ მომავლის დასაცავად უნდა იმოქმედოს.
“შესაძლებლობის ფანჯარა როცა იღება და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში, თუ კარში ვერ გადიხარ, ეს არის მარცხი. პირდაპირ ვთქვათ. ის, რომ ჩვენ დაგვიტოვეს დრო, ეს კარგია, მაგრამ ეს ხელისუფლების დამსახურება კი არ არის, ეს ხელისუფლების გამო მოხდა ასე, რომ დრო გაქვს კიდევ მოცემული, რომ რამე იქნებ მოვასწროთ , თორემ ხელისუფლება რომ ნორმალური ყოფილიყო და არ იყოს დღევანდელი ხელისუფლება დამარცხების სიმბოლო, ყველაფერში, ბიძინა ივანიშვილი არის მარცხის სინონიმი, სიმბოლოა მარცხის. ხელისუფლება დამარცხდა. შეგნებულად, თუ იმიტომ, რომ სასარგებლო იდიოტია რუსეთის, ამას ამ წუთში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი არის კატასტროფული.
ის, რომ ჩვენ გვაქვს დრო, ეს არის ისტორიული შანსის არგამოყენება, მაგრამ მიცემა კიდევ ერთი ისტორიული შანსის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მესიჯი ქართველ ხალხს. ეს არ არის ჯილდო, ეს არის ჩვენთვის, ცივილიზაციური ევროპისთვის შანსის მოცემა. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საკმაოდ მძიმე გზავნილიც არის ქართველი ხალხისთვის. რა თვალსაზრისით – ჩვენ გვინდა ევროპა, ამას რო ვიძახით და 80%-ს , 85%-ს ვასახელებთ კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპის წევრები პლებისციტებით, ან მიტინგებით არ ხდებიან, ეგრე არ ხდება.
ევროპის გაგებით, ხალხი არ არის მარტო ეთნიკური გააზრება, ან ერის გააზრება, ხალხი ევროპული დემოკრატიის თვალსაზრისით, არის ხელისუფლების წყარო და გეუბნებიან, რომ თუ გინდა ევროპა, მაშინ როგორ ირჩევ რუსულ ხელისუფლებას. მარტივია ძაან. თუ გინდა ევროპა, ეს უნდა გამოხატო არა სოციოლოგიურ კვლევებში, არამხოლოდ მიტინგზე დგომით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვთხოვ, რომ მივიდეს 20 ივნისს. მე არ შემიძლია და ჩემ მაგივრად მივიდეს ვისაც გული შესტკივა ჩემზე.
მიუხედავად ამისა, ევროპის ნდომა, სურვილი და სვლა ევროპისკენ, გამოიხატება დემოკრატიის ფორმებით და ეს არის არჩევნები პირველ რიგში. თუ ამბობს, რომ გინდა ევროპა და ირჩევ ივანიშვილს, აგერ უკვე პირდაპირ გითხრა ევროპამ, რომ ეს არათავსებადია.
კარგი, აქამდე გვქონდა რაღაცა რყევები ხო, ახლა პირდაპირ გვითხრეს.” – ამბობს ნიკა გვარამია.
რაც შეეხება ევროკომისიის მოთხოვნებს – ნიკა გვარამიას შეფასებით, ევროპა ასეთი მკაფიო ჯერ არ ყოფილა და მოთხოვნებშიც და რეზოლუციაშიც ის პირდაპირ ასახელებს რა არის ქართული სახელმწიფოსთვის მთავარ დამაბრკოლებელი ევროპულ გზაზე – ოლიგარქია:
“ყველა მოთხოვნა, მათ შორის პოლიტპატიმრები, აქ რო საუბარია იმაზე, შეიწყალეთ, იქნება ამან შეცვალოს, რა უნდა შეცვალოს?! შეწყალება კი არა, ჯერ ერთი არავის, მე პირადად არ ვთხოვ არავის შეწყალებას. ამას გარდა, პოლიტპატიმრობა ჩემი იქნება, მიხეილ სააკაშვილის და ა.შ. არის შედეგი და არა მიზეზი. შედეგის აღმოფხვრის გამო, არაინ არაფერს არ მოგცემს. მიზეზი უნდა აღმოიფხვრას. ყველაფერი არის ამ რეკომენდაციაში გარდა ერთისა, არის შედეგები. შედეგების მკურნალობით, სხეული არ იკურნება. იკურნება მიზეზის აღმოფხვრით და მიზეზი გვიწერია მკაფიოდ და ცალსახად, ე.წ. ქივორდი, მთავარი სიტყვა არის ოლიგარქია და დეოლიგარქიზაცია, რომელზეც დიდი ხანია ვლაპარაკობთ, ისევე როგორც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ენა არ უნდა მოვიჩლიქოთ, არ უნდა ავწიოთ მოლოდინები, რომ მოგვცემენ აუცილებლად, ღირსი ვართ და ა.შ. ღირსი არის ის, ვინც ევროპულ არჩევანს აკეთებს არჩევნებზე, ან არჩევნებამდე მიჰყავს ისტუაცია იმიტომ, რომ ოლიგარქი მოიშოროს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, აქამდე იყო ბუნდოვანება, ვიღაცა ასე ფიქრობდა, ვიღაცას უნდოდა ეფიქრა სხვანაირად, ეხლა ხო ბუნდოვანება არ არი?! სიტყვა დეოლიგარქიზაცია საქართველოს ისტორიაში პირველად გამოიყენება. გამოიყენება ერთი ადამიანის მიმართ. თუ განმარტება გვინდა, ვინ არის სახელი და გვარი, იხილეთ რეზოლუცია, რომელსაც ეყრდნობა ეს ყველაფერი. იქ წერია სახელი და გვარი – ბიძინა ივანიშვილი
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ სანქციების დროც მალე დადგება როგორც ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ისე აშშ-დან:
“გარწმუნებთ ძალიან მალე, იქნება სანქციები აშშ-სგან, ალბათ ყველაზე ადრე დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირისგანაც. ეს იქნება მგზავრობის აკრძალვა პირველ რიგში, იქნება ფინანსური სანქციებიც და ეს პირველ რიგში შეეხებათ მოსამართლეებს, პროკურორებს და კორუმპირებულ თანამდებობის პირებს. ” ამბობს ის.
ნიკა გვარამია ყურადღებას ამახვილებს მაღალი დონის კორუფციის ჩანაწერზეც ევროკომისიის მხრიდან:
“იქ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ასევე დეოლიგარქიზაციასთან ერთად, მაღალი დონის კორუფცია. ეს არის სრული კატასტროფა და მაღალი დონის კორუფცია ვინმეს კი არ ეხება, მაღალი დონის კორუფცია ასევე განიმარტება როგორც ხელისუფლებაში მყოფი, მოქმედი ჩინოვნიკების კორუფცია. სხვანაირი განმარტება მაღალი დონის კორუფციას არა აქვს. მაღალი დონის კორუფცია კიდევ არის ის წინაპირობა, რომელიც ყველაზე მარტივად განაპირობებს სანქციებს. ყველაზე მარტივად, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან შედარებითაც კი უფრო მარტივი საფუძველია და ავტორიტარიზმამდე მისული საფუძველია მაგალითად აშშ-სთვის. ამიტომ, გადაწყვეტილებები იქნება რადიკალური გარედან და ძალიან სამწუხარო იქნება ჩვენთან, თუ ეს გადაწყვეტილებები იქნება გაუგებარი და ბუნდოვანი.
საუბარი, რომ დავსხდეთ 6 თვეში რამე მოვასწროთ, ამის პასუხისმგებლობას ნურავინ ნუ აიღებს. ჯერ ერთი სისულელეა, ვისთან უნდა დასხდე?! დეოლიგარქიზაციაზე, დებიძინაივანიშვილიზაციაზე მადლობა ბატონ ბიძინას პარტია, როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას? აი როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ხო შეუძლებელია საერთოდ.
ამიტომ, მე მინდა ღიად ვთქვა, ახლა არის სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის დრო და ეს სტრატეგია უნდა იყოს სწორხაზოვნობა, შეუპოვრობა და გნებავთ – სიხისტე. ახლა ტაქტიკური ზიგზაგების, რასაც ქართველები ზოგჯერ უკაცრავად და ერთი ადგილის თამაშს ეძახიან, მაგრამ თუ სხვანაირად შევხედავთ უფრო მნიშვნელოვანი ზიგზაგებიც არსებობს, მაგალითად დიპლომატიური და ა.შ. მაგრამ ახლა ტაქტიკური ზიგზაგების კეთების დრო მორჩა. თორე დავჯდეთ კი ბატონო, მე არავისთან ვჯდები, მაგრამ ვინც დაჯდება 6 თვის მერე აღმოაჩენს, რომ ისევ იქ ზის სადაც ახლა. და 6 თვის მერე 30 წლით, რომ დაიკეტება ეს კარი, მათ შორის “ქართული ოცნებისთვის” კი არა ვინც, ახლა გვერდით მიუჯდება, აბსოლუტურად სულელური და არარაციონალური რაღაცა იმედით, რომ რამე შეიცვლება, აი იმის ბრალეულობაც იქნება.
და კიდევ ერთხელ, დავიწყე ქართველი ხალხით და დავამთავრებ – ჩვენ თუ ვართ უმწიფარი ერი და პრაქტიკულად, ისტორიული არასრულწლოვანები და ამ წუთში ეს საზოგადოება არის არის მზად, რომ არჩევანი გააკეთოს რეალურად, არა რაღაცა პოსტების დაწერით, არა სოციოლოგიური გამოკითხვებით და არა უბრალოდ სამზარეულოში ჭორაობით რა კარგია ევროპა და რას გვიშვება ივანიშვილი. თუ რეალურად ჩვენს ერს შეუძლია არჩევანის გაკეთება დემოკრატიის პირდაპირი და ირიბი ფორმებით, მან ეს არჩევანი უნდა გააკეთოს და გააკეთოს ევროპული არჩევანი, რომელიც პირდაპირ გვიწერია, უკვე ევროპელების მიერ მოცემულ სამოქმედო გეგმაში, შეუთავსებელია ბიძინა ივანიშვილი, წერტილი, ამის მერე გაგრძელება არ არის. დანარჩენი ყველაფერი რაც არის ამ დოკუმენტში, როგორც უკვე ვთქვი, არის სიმპტომები, არის შედეგები და სიმპტომებისა და შედეგების განკურნება არ იძლევა ავადმყოფობის განკურნებას. ეს არის ტკივილების და ჩივილების მოხსნა. მიზეზი უნდა ამოიკვეთოს, დეოლიგარქიზაციად წოდებული პროცედურა, რომელსაც რეალობაში მარტივად რომ ვთქვათ, ჰქვია ბიძინა ივანიშვილის სიმსივნის ამოკვეთა ქართული სახელმწიფოს სხეულიდან ეს არის და ეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა არის სტრატეგიული სწორხაზოვნობის და შეუპოვრობის დრო და არ არის არანაირი ტაქტიკური ზიგზაგების და დროის ფუჭად ხარჯვის დრო. მითუმეტეს, რომ დრო არის ძალიან ცოტა, სადღაც 200 დღეა მაქსიმუმ და ეს 200 დღე ისე ჩაივლის, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ.” ამბობს ნიკა გვარამია.
წყარო: მთავარი არხი