“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია.
მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის მუქარას ვერ პასუხობს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
“ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს, ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია. სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოების და უფლებების დაცვით იზომება!”, – ამბობს ხაზარაძე.
ცნობისთვის, რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან უფლება არ აქვს სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს.
პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, დანაშაული აღკვეთილია, თუმცა ყველა შეეცდება, ამ საკითხის თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინ კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.