სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანებიან და გამოხატავენ “უკიდურეს პროტესტს” გავრცელებული საიდუმლო მონაცემებისა და მათში ასახული ინფორმაციის გამო.
“როგორც მედიის მიერ მოპოვებული მასალებით გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა უკანონო და ყოვლისმომცველ მოსმენასა და თვალთვალს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაზე, ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერზე, სასულიერო პირებზე, მრევლზე, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, – მათ შორის არასრულწლოვნებზე, ყველაზე, ვინც მათთან ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული, განურჩევლად იმისა, რელიგიურ უმცირესობას თუ უმრავლესობას მიეკუთვნებიან ისინი.
ამავდროულად, გავრცელებული მასალების მიხედვით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ შემუშავებული იყო მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების მადისკრედიტირებელი საგანგებო ღონისძიებები. მედიით გავრცელებული მასალების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ განსახვავებული რელიგიური ჯგუფებისა და მათი უფლებების დამცველების საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მეშვეობით, თითქოსდა სახელწმიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს რეპუტაციისა და ერთიანობის წინააღმდეგ საქმიანობის გამოვლინების კონტექსტში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათი შეფასებით, გავრცელებული მასალები შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების, ყველა რელიგიური გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და სეკულარული წყობის წინააღმდეგ.
“თავისი შინაარსით უპრეცედენტო და ყოვლისმომცველი ხასიათის ეს უმძიმესი მოვლენა, აგრეთვე გვეუბნება იმის შესახებ, რომ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები და უფლებადამცველები, ყველა ადამიანი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის მსხვერპლი გახდა, თავს საქართველოში ვეღარ იგრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ.
რელიგიათა საბჭოს წევრები ვმსჯელობთ სამართლებრივ გზებზე, საერთაშორისო მექანიზმებზე, რომელთაც შეიძლება მივმართოთ ჩვენი უფლებებისა და თავისუფლების, ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად.
ამავდროულად, მოგიწოდებთ ყველას: საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, უფლებადამცველ ორგანიზიციებს, რელიგიურ გაერთიანებებს, მედიას, კერძო პირებს გაათმაგებული სიფრთხილით მოეკიდოთ გავრცელებულ საიდუმლო მონაცემებს, რამდენადაც მათში არსებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა უმძიმესი, სრულიად დაუმსახურებელი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებასა და რეპუტაციას, მათ შორის, რაც ყველაზე საგანგაშოა, – არასრულწლოვნებს”,– წერია განცხადებაში.
საბჭოს გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნია, შეიზღუდოს წვდომა გავრცელებული ფაილების შინაარსზე.
“და ბოლოს, კიდევ ერთხელ: ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ და ვაპროტესტებთ სახელმწიფოს მიერ ადამიანის, უდანაშაულო და კანონმორჩილი მოქალაქეებისა და რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ ჩადენილ ტოტალური ხასიათის ბოროტებას! სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ვერაგი დანაშაულის გამო პასუხი აგოს მისმა ჩამდენმა!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
- ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
- სახარების რწმენის ეკლესია
- ხსნის არმია
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
- საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- აჰმადია მუსლიმები გაერთიანება
- მეოგბართა საზოგადოება – კვაკერები
- სვედენბორგის რელიგიური საზოგადება