“ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს”- ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ 8 აპრილს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ დაუშვებს.
“ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი,
არჩევნების გაყალბება რომ გვერდით გადავდოთ, ბოლო ხუთ თვეში დრამატულად გაუარესდა ადამიანების ყოფა, არანორმალურად გაძვირდა ყველაფერი და გაღარიბდა მოსახლეობა. ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ დაწყევლილ ქვეყნაში ვცხოვრობთ, არამედ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყვავს. ვადამდელი არჩევნები აკვიატება კი არ არის, უბრალოდ მის გარეშე ქვეყანაში შექმნილი კლიმატი ვერ შეიცვლება. შესაბამისად, ჩვენი პატივსაცემი უცხოელი მეგობრების ჩართულობით, პოლიტიკური კრიზისის დასრულების მცდელობა ვადამდელი არჩევნების გარეშე უდაბნოს მორწყვის ტოლფასია. მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია ღარიბი და კრიმინალური სახელმწიფო გადააქციოს პროგრესულ ქვეყანად, სადაც ადამიანებს ბედნიერად ცხოვრების საშუალება ექნებათ”-აცხადებს ნიკა მელია.