ხელისუფლება ახლა უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს, მაგრამ გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა, ეს უფრო სისუსტე იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქრთველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბურჯანაძე განმარტავს, თუკი, ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ეყოლება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ეკონომიკური დახმარების მიღება გართულდება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მისდაუნებურად „პანდორას ყუთი“ გახსნა და პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა – პოლიტპატიმარი, რაც ხელისუფლებისათვის დამანგრეველია და ძალიან ცუდია იმ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რომელიც ჩვენ გველოდება. თუ გამოყენებული იქნა სიტყვები, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკური დახმარების მიღება გართულდება და ძალიან გაგვირთულდება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობა. ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და სრულწყოფილად შეასრულოს შეთანხმება. ხელისუფლება ახლა უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს, მაგრამ გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა და აუცილებლად დაათმობინებენ, ეს უფრო სისუსტე იქნება“, – აცხადებს ბურჯანაძე.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, რას აპირებს ოპოზიცია, ბურჯანაძე პასუხობს, რომ მათ ქმედებებებში ცვლილებები ეტაპობრივად შევა.
„პოლიტიკა არის ცოცხალი ორგანიზამი, იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, როგორი იქნება ვითარება, გაკვეულწილად შეიცვლება და კორექტირება შევა ჩვენს მოქმედებებში. ერთობლივად ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ პროპორციული სისტემაც მოვიპოვოთ, ასე ვთქვათ, სამართლიანობაც მეტ-ნაკლებად აღდგეს და ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემო იყოს. გარწმუნებთ, ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ გამოუშვას ეს ადამიანები ციხიდან, იმიტომ რომ ახლა ხელისუფლების გაჯიუტება გააძლიერებს საერთაშორისო თანამეგრობრობის ზეწოლას და ვფიქრობ, ოპოზიციური ერთიანობაც მაინც და მაინც კარგ ხასიათზე ვერ დააყენებს ხელისუფლებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტუაცია არ გაამწვავოს. ბურჯანაძის განცხადებით, „ხელისუფლებამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ისინი იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ“.