“ხელისუფლებამ ოპოზიციას მძევლად აყვანა დაუპირა, მაგრამ საკუთარ მახეში მოუწევს გაბმა” – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარების თაობაზე, პარტია მზადაა ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტში შესვლას არ გულისხმობს.
„ხომ თქვა ბატონმა მდინარაძემ, მზად ვართ, განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილება, დავარეგისტრიროთ უბარიერო და 150 პროპორციული, მანდ ვართ ჩვენც – დაარეგისტრირეთ. ჩვენი დეპუტატები არ დეპუტატობენ, არც სამნიძე და არც კორძაია უარს არ ამბობენ საკუთარ განცხადებებზე და მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ. ხელისუფლებამ ისინი სხვა ოპოზიციონერებთან ერთად გადაიყვანა ე.წ. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, ანუ დატოვა დეპუტატებად. თუ ის ასე აპირებს თამაშს და ამბობს, რომ აი, შემოდით პარლამენტში, დავარეგისტრირებთ და განვიხილოთ საკონსტიტუციო ცლილება, ჩვენ ვეუბნებით – არ შემოვდივართ პარლამენტში, დაარეგისტრირეთ და კენჭისყრის დროს ხმას მივცემთ. მანამდე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც, დარწმუნებული ვარ, დავითანხმებთ. ეს იქნება მომავლის კენჭისყრა, რომ საქართველოში იყოს არა 5%-იანი ბარიერი, უბლოკო და პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია – ხელისუფლება და მისი მონიშნული ოპოზიცია, არამედ იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ კენჭისყრების შემდეგ “რესპუბლიკელები” არ აპირებენ დეპუტატობას. ისინი პარლამენტში ნაწილ-ნაწილ კი არ შედიან. ეს არის ჩვენი ინიციატივა, ეს არის წაუგებელი თამაში. აქ არის აშკარად პოლიტიკური ინტელექტის უპირატესობა გამოვლენილი. ხელისუფლება ამ დღეშია – ან მისი სიტყვები უკან უნდა წაიღოს და აღარ დაარეგისტრიროს და ამით გამოჩნდება რომ ვამხილეთ, ან დაარეგისტრიროს.
დარწმუნებული ვართ, ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში კი არ შევა, მომავლის კანონს მიიღებს. ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან არც ვადამდელ არჩევნებს, არც არჩევნების გაყალბებას, არც პოლიტპატიმრების საკითხს. ოპოზიციას ხელისუფლებასთან მრავალი ფრონტი გვაქვს და ერთ-ერთ ფრონტზე, საკონსტიტუციო ცვლილებების ფრონტზე გადავდივართ კონტრშეტევაზე.
დანარჩენ ოპოზიციას საჯაროდ მივმართავთ. არმაზ ახვლედიანმა უკვე საჯაროდ პოზიტიური განწყობა გამოხატა, დანარჩენებთან გვექნება საუბარი და თუ ვინმე პროპაგანდისტული მიზნებით შემოტევას დააპირებს, რამენაირად შევძლებთ პასუხის გაცემას“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.