ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშის მიხედვით, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს.
NDI ყურადღებას ამახვილებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მათი კრიტიკა შეეხება საარჩევნო კომისიების შემადგენლობის არაპროპორციულად დაკომპლექტებაზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ასევე, მათი თქმით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მიმართ დაწესებული აკრძალვები საკმარისი არ არის და მათი აღსრულება არასათანადოდ ხდება; “საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის აკრძალვა არ ვრცელდება სოციალურ მედიაში კამპანიის განხორციელებაზე; ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიის ტაქტიკად დარჩება; ხოლო საარჩევნო დავების განხილვის პროცედურები არასათანადოა”.
ოპოზიციური პარტიების მუდმივი შეშფოთების საგანი პოლიტიზირებული
მართლმსაჯულებაა, რაც მათი თქმით, შერჩევით გამოძიებებში, პოლიტიკურად
მოტივირებულ დევნაში, ოპოზიციის დაშინებასა და მათ მიმართ ძალადობის
შემთხვევების დაუსჯელობაში ვლინდება.
გარდა ამისა, NDI-ს ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციები და
ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობას
საგანგებო სიტუაციის შემოღება პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეუძლია. ისინი
შიშობენ, რომ ეს უფლებამოსილება, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად იქნას
გამოყენებული.
NDI-ს ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების აქვეყნებს:
● ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და არჩევნებთან დაკავშირებულმა
სხვა სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია.
● ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე წარმართონ.
● პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს.
● პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ.
● მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა.
● ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება; ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.
NDI-ს ანგარიში 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზია.