სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. “ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, “ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი.
დღეს “ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს. ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ ქართული ოცნება “აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. “ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს.
მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს.
ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება – “ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!