მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების კორექტირება აღარ მოხდება და ისინი რაიმე შინაარსობრივ დამატებას აღარ დაეთანხმებიან.
„ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად.
ასევე გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს.
ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან და პრეზიდენტ მიშელთან ერთად, რომელთაც მადლობას ვუხდით პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად გადადგმული ნაბიჯების და ძალისხმევისთვის, იმ მოცემულობით, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნება გაცხადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების შესახებ, რაც ასახულია ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურები ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით შექმნილ კომისიაში. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა.
ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას – ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული.
ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თვისობრივად გაუმჯობესდა ვითარება, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით. ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, რასაც მსოფლიო ბანკის და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო „IPSOS France“-ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას. რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც – განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ.”- ნათქვამია განცხადებაში.
შარლ მიშელის წინადადებების ბოლო ვერსია, რომელიც მან ოპოზიციას და ხელისუფლებას შესთავაზა