ხერსონის მიმართულებით ერთ დღეში 12 დასახლებული პუნქტი დავიბრუნეთ – ზალუჟნი

1 ოქტომბრიდან უკრაინულმა ჯარებმა ხერსონის მიმართულებით კონტროლი აღადგინეს 41 დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ Telegram არხზე,  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხერსონის მიმართულებით, 1 ოქტომბრიდან, უკრაინული ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36.5 კმ-მდეა, აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1381 კმ²-ს აღწევს, აღდგენილია კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე.

მხოლოდ გასული დღის განმავლობაში, პეტროპავლოვკა-ნოვორაისკის მიმართულებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს 7 კმ-იანი წინსვლა ჰქონდათ, კონტროლი მოიპოვეს ექვს დასახლებულ პუნქტზე და უკრაინას 107 კმ²-მდე ტერიტორია დაუბრუნეს.

ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.