არაერთი რუსული წყარო სოციალურ ქსელებში იტყობინება, რომ უკრაინული არმია ხერსონში წინ მიიწევს ბერისლავის და ნოვა კახოვკას მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილო–აღმოსავლეთის რუსული დაცვის ხაზის სრული კოლაფსი მოხდა და უკრაინულმა არმიამ ფრონტი გაარღვია. რუსული ძალები ხერსონის ფრონტის ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგანან.რუსული წყაროების ინფორმაციით დილიდან უკრაინელებმა მინიმუმ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ.მათ უკვე დაიკავეს ზოლოტა ბალკა და დუდჩანა.
რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ ხერსონის ფრონტზე რუსებმა უკან დაიხიეს დუდჩანადან და “არის საფრთხე, რომ უკრაინელებმა დნეპრის გასწვრივ წინ წაიწიონ.მათი ვარაუდით, უკრაინელები შეეცდებიან ჩრდილოეთიდან შემოუარონ რუსების პოზიციებს, რათა მათ უკან დახევა აიძულონ ალყის შიშით. რუსების ტელეგრამ არხებზე პანიკურად წერენ, რომ უკრაინელები ნოვა კახოვკასკენ მიიწევენ და მასზე კონტროლს დაამყარებენ, რაც რუსების დაჯგუფებას მთლიანად მოწყვეტს მდინარის მეორე მხარეს მყოფი რუსული ძალებისგან და მათი მომარაგება შეუძლებელი გახდება.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ ეს საფრთხე რეალურია.
უკრაინული მედია ჯერჯერობით ხერსონში მიმდინარე პროცესებზე არაფერს წერს. ისინი საომარი მდგომარეობის წესებს ემორჩილებიან და კონკრეტული საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შესახებ მის დასრულებამდე ინფორმაციას არ ავრცელებენ.