ხვიჩია: გოგი წულაიამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გოგი წულაიამ ივანიშვილების ოჯახს გინების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.

“მე პირადად რაც მგონია სამართლიანი, არის ის, რომ ბატონმა გოგი წულაიამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს, ადამიანურად. რაც შეეხება ამ საქმეს, ვინმე მართლა დამნაშავეა თუ არა, საკმარისად არ ვიცნობ ჯერჯერობით ამ საქმეს. მოგვეცემა ამ საკითხზე საუბრის საშუალება სხვა დროსაც”, – თქვა ხვიჩიამ.

მისივე განმარტებით, წულაიამ ბოდიში “ცუდი ქცევისთვის” უნდა მოიხადოს.

“ბევრი რამ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში მაგრამ მას ჩვენ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ”,– აღნიშნავს ხვიჩია.

ცნობისთვის, დღეს პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე 1 თვე გავიდა, თუმცა ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა.

მათი თქმით, ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წულაიას მიმართ ბრალდებებს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შერჩევით სამართალზე მიუთითებს.