ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დაშლის “თეორიული შანსიც კი არ არსებობს”.
მისივე განცხადებით, გახარიას გუნდმა პარტია ისე დატოვა, რომ მადლობის თქმაც ვერ მოასწრო.
„რაც გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, ვფიქრობ, არ არის სწორი. უბრალოდ, მე მიკვირს, რა ნახეს არჩევნების შემდეგ 4 თვეში ისეთი, რომ უნდა დატოვონ გუნდი, რომელშიც იყვნენ და რომელთან ერთადაც არჩევნებში გავიდნენ.
მათ პრაქტიკულად, არამხოლოდ გუნდის წინაშე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, არამედ ამომრჩევლის წინაშეც. მათ მიატოვეს გუნდი, მიატოვეს ამომრჩეველიც, ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო იმასთან დაკავშირებით, რომ მომხრეები, გუნდის წევრები, აქტივისტები მათ არჩევნებში დაუდგნენ და ეს შედეგი იყო უდიდესწილად სწორედ ამ თანადგომით განპირობებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.