ჯანდაცვა არ არის ბიზნესი, პრივატიზაციის მიმართულებით არ უნდა ვიაროთ – ნაცვლიშვილი კალაძეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი პოლიკლინიკებთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივას ეხმიანება

ნაცვლიშვილის თქმით, ჯანდაცვა არა ბიზნესი, არამედ საჯარო სიკეთეა, მათი პრივატიზება კი  ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამ მასშტაბის პრივატიზაცია განხორციელდა როგორც საქართველოში – თითქმის 95 პროცენტი ჯანდაცვის დაწებულებების არის კერძო. კიდევ ერთხელ მინდა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას” შევახსენო, რომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი და ჯანდაცვა არის საჯარო სიკეთე. ჩვენ პრივატიზაციის მიმართულებით კი არ უნდა ვიაროთ, უნდა ვიაროთ პირიქით, მეტი მუნიციპალური კლინიკებისა და მეტი პოლიკლინიკების მიმართულებით”,– ამბობს ნაცვლიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ კალაძე პოლიკლინიკების რეაბილატაციისთვის ფული სჭირდება, შეუძლია დამატებითი თანხები მოითხოვოს.

“გადაწყვეტილება რომელსაც კახა კალაძე აპირებს მიიღოს, არის დაუშვებელი, თუ მას ფული სჭირდება იგივე პოლიკლინიკების რეაბილიტაციისთვის, შეუძლია მიმართოს პარლამენტს, მოითხოვოს ცენტრალური ხელისუფლებიდან დამატებითი თანხები და გაარემონტოს სავალალო მდგომარეობაში მყოფი პოლიკლინიკები. ისინი არ უნდა გახდნენ ისეთი მსხვილი სამედიცინო კომპანიის ნაწილი, როგორიცაა „ევექსი”, რადგან ჩვენ ვართ დიდი მონოპოლიის არსებობის წინაშე ჯანდაცვის სექტორში, ამიტომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კალაძე აქვს ინიციატივა, რომ იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდეს, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს.