“ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს და კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პირობებში გამჭვირვალობას არ იცავს” – ამის შესახებ სპეციალური განცხადება “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, საბა ბუავამ გააკეთა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მალავს ტესტირების ჩატარების მეთოდოლოგიას, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას, სასუნთქი აპარატების ოდენობასა და რაიონების მიხედვით მათ ხელმისაწვდომობას.
გარდა ამისა, ხელისუფლება არ ასაჯაროებს, რა ეკონომიკური ზარალი მიადგა ქვეყანას და რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ლელოში აცხადებენ, რომ არ იძებნება არც იმ ანტიკრიზისული გეგმის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა წარმოადგინა.