კოვიდ19-ის პანდემიის წინააღმდეგ ვაქცინაცია მსოფლიოში ეტაპობრივად იწყება. პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეძებს გზებს, რომ აცრილი ადამიანებისთვის სამოგზაუროდ სპეციალური დოკუმენტები დამზადდეს. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ ქვეყნებს მოუწოდა, რომ “იმუნურობის პასპორტების” გაცემაზე უარი უნდა თქვან იმ პაციენტებისადმი, რომლებიც განიკურნენ კოვიდ19-ისგან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აქცენტი ახალ ტექნოლოგიებზე უნდა გაკეთდეს და ამისთვის პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა გაიმართება, რათა მოხდეს სამოგზაუროდ სპეციალური ელექტრო სერტიფიკატების გაცემა. ამის შესახებ ამ დღეებში ორგანიზაციის ვირტუალურ შეკრებაზე ისაუბრეს. დამატებითი დეტალები უცნობია.
“ფენომენალური,”- ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ვაქცინის დამტკიცებისა და აცრების პროცესის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორმა. ჰანს კლაუგე ფიქრობს, რომ პანდემიის დროს ვაქცინების არსებობა და პროცესის დაწყება “პოტენციურად შეცვლის თამაშის წესებს”.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაამტკიცა “ფაიზერის” მიერ წარმოებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გერმანულ კომპანია “ბიონტეკთან” ერთად შეიქმნა. ვაქცინაციის პროცესი კი უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან იგეგმება.
ჯანმოს ევროპის დირექტორი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მსოფლიოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით იქნება და ის პრიორიტეტების მიხედვით უნდა განაწილდეს ქვეყნებზე.
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად ვაქცინას სამედიცინო პერსონალი, ხანდაზმული და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები მიიღებენ.
“რაც უფრო მეტი კანდიდატი ვაქცინა გვაქვს, წარმატების მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ვაქცინები ჯანდაცვის სხვა ღონისძიებებთან ერთად, ახდენს მწვავე პანდემიის ფაზის დასრულებას და ეკონომიკის აღდგენას,”- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორი ჰანს კლაუგე.