ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დაზარალებულების თანხმობა საჭიროა, თუმცა ის არ გავრცელდება დანაშაულის ჩამდენ ყველა პირზე, მათ შორის შესაძლო ბრძანების გამცემ თანამდებობის პირებზე.
“ის პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, ვინც ზიანი მიაყენა მაკო გომურს, ტყუილია! ეს ემსახურება იმას, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ამ პროცესის, ეს არ მოხდება არანაირად. ამნისტია კონკრეტულ მუხლებზე გავრცელდება”,– განაცხადა ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ვინც არ იქნება თანახმა, რომ ამნისტია შეეხოს, შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს.
“ამნისტია გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე და ამ შემთხვევაში ლაპარაკია სამ პოლიციელზე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და ერთ-ერთ მათგანზე უკვე არსებობს დაზარალებულის თანხმობა. მეორე მხარეს არის, მიტინგის 16 მონაწილე, რა თქმა უნდა, გავრცელდება სრულად მათზე და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვინც არ იქნება თანახმა, რომ მას ამნისტია შეეხოს, მას შეეძლება სასამართლოში გაასაჩივროს”.