გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სენატორების გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციაზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია.
“ჩემი აზრით, დასავლეთი და ჩვენი მეგობრები უნდა შეეშვან კონკრეტულად მაგ გზავნილის გამოშვებას საქართველოში, რომ “ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაზე”. 8 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და რასაც ისინი [სენატორები] ყვებიან, რომ ქვეყანაში არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, სასამართლო არ არის, ოლიგარქია… მე უბრალოდ მინდა, რომ გზავნილი იყოს გასაგები, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის ის პოლიტიკური ძალა, ვინც 8 წელია ხელისუფლებაშია.
პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე არის არასწორი და გზავნილის გაბლარვა, რომელსაც ეს ადამიანები [“ოცნების” წევრები] ამას იყენებენ და ატრიალებენ სათავისოდ. თითოქოს ყველაფერი კარგად არის და მარტო ოპოზიცია ყოფილა შესასვლელი პარლამენტში და ეგ იყო მთავარი სათქმელი”,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.
მისივე განმარტებით, პარტნიორების გზავნილები 2 მიზეზის გამო არის “გაბლარული”:
“ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყნებმა ჩადეს საკუთარი გადასახადის გადამხდელების ფული, ენერგია, დრო. როცა ქვეყანაზე ამბობ, ეს არის “დემოკრატიის შუქურა” და ახლა ამას გადაუსვა ხაზი, აღიარო, რომ ამდენი პრობლემებია, ეს არის აღიარება იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზედმეტად მეტი დივიდენდი მიეცი კონკრეტულად ამ ხელისუფლებას. მეორე არის ის, რომ საფრთხეს ხედავენ, თუ ზედმეტად მკაცრები იქნებიან, ამან შეიძლება უბიძგოს მთავრობას, რომ დაიკიდოს დასავლეთი და წავიდეს კიდევ უფრო რუსეთისკენ”,– თქვა ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ეს საფრთხე არ არსებობს, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობას დასავლეთი უნდა, ამიტომ როგორც კი გზავნილი ცალსახა იქნება, ხალხის განწყობაც იქნება შესაბამისი.