ჯაღმაიძე ამბობს, რომ სტალინის გამოსახულებაზე განცხადება პატრიარქთან შეთანხმებულია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სტალინის გამოსახულებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთან შეთანხმებულია. ჯაღმაიძე ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

“საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა”, – წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”.  საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.