ჯაღმაიძის დმანისზე გაკეთებული განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას – TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI) შეშფოთებას გამოთქვამს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე, რომელმაც დმანისი “არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად” მოიხსენია.

TDI -ის მიაჩნია, რომ ჯაღმაიძის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.

“აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ,  ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და  საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის, პასუხისმგებლობა და როლი, დაგმოს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი პოზიცია და შეწყვიტოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაფასოს და დაგმოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აღნიშნული განცხადება”,- აცხადებს TDI.