ჯერჯერობით, ქვეყანაში შემოსული ადამიანიებისთვის ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ძალაშია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები კვლავ კარანტინის რეჟიმს გაივლიან.

„ჯერჯერობით, ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ძალაში რჩება. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი, ე.წ. თვითიზოლაცის, როდესაც არის ოჯახი“,-ამბობს გამყრელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო შესაძლოა იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდეს, რომელსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, რასაც ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეგულაციების დაწესება მოყვება.

„ყველა ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. იცით, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველო არის იმ 14 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროპა საზღვარს უხსნის. ალბათ, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ექნება დანართი, თუ რას მოსთხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებს, რომელთა რიცხვში ჩვენც შევდივართ. ალბათ, ექვივალენტური იქნება. რასაც ევროკავშირი დააწესებს, ეს მოითხოვს, რომ ქვეყანაში შესაბამისი რეგულაცია დაწესდეს“,-აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, BBC–მ გამოაქვეყნა 14 ქვეყანის სია, რომელთანაც ევროკავშირი 1 ივლისიდან ოფიციალურად გახსნის საზღვრებს. მათ შორის არის საქართველოც. როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში სახელმწიფო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პირველი ივლისიდან რეგულარული ფრენები რომ დაეშვათ, ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოხდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებს მოუწოდეს, ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.