თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ეს ოკუპაციის პირველი სამართლებრივი დადასტურებაა, რაც სახელმწიფოებრივად ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
“ინდივიდუალურ დონეზე ეს არის საქმე, რომელსაც აბსოლუტურად პრაქტიკული ხასიათი ექნება და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ აგვისტოს ომის ყველა მსხვერპლი, რომელსაც ინდივიდუალურად აქვს სარჩელები შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში, შეუძლია, იყოს მშვიდად და პრაქტიკულად დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში. ასევე, შეგვიძლია პრინციპში, სრული რწმენით ვთქვათ, რომ ტატუნაშვილის საქმესაც მოიგებს საქართველო და ამ საქმეშიც გამარჯვებული აღმოვჩნდებით ისევ და ისევ იმ პრეცენდენტული გადაწყვეტილების გამო, რომელიც გუშინ დაიდო”,– ამბობს ხიდაშელი პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულად ყველა პარაგრაფში ჩაიწერა, რომ 12 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდეგ, რუსეთი იყო ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო.
“რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც 12 აგვისტოს შემდეგ მოხდა ამ ტერიტორიაზე ან აფხაზეთში არის რუსეთის ბრალი, ყველა სიკვდილი, ყველა გატაცება, ყველა წამება, ყველა დანგრეული სახლი, ყველა განადგურებული საკუთრება, ამიტომ რუსეთი ვეღარ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას”,– აცხადებს ხიდაშელი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ ჰააგაში რუსეთის არგუმენტიც მოკლა.
“მათი არგუმენტების ხაზი გადის შემდეგ თემაზე, ისინი ამბობენ: „კი ბატონო, დავუშვათ, რომ ყველაფერი ის, რაზეც ქართული მხარე დაობს, მოხდა, ჩვენ რა შუაში ვართ?!“ ისინი ამბობენ, რომ პასუხისმგებლები არიან ოსური მილიციის წარმომადგენლები, ბანდფორმირებები და სხვა. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ამ საკითხს წერტილი დაუსვა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი. ჰააგამ დამნაშავე უნდა ეძებოს მოსკოვში და არა ცხინვალში ან ჯავაში, ეს არის ერთმნიშვნელოვანი გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ და ამიტომაც არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.