ჰამასის წარმომადგენლის თქმით, დაჯგუფება მზად არის გაათავისუფლოს ისრაელში დატყვევებული მძევლების ნაწილი იმ პირობით, რომ ისრაელი შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას ისლამისტების წინააღმდეგ.
“ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ გვსურს ისრაელის ჯარებმა შეაჩერონ აგრესია”, – განაცხადა ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა მოჰამედ ნაზალმა კატარის ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ტყვეები სამ კატეგორიად დაყო: მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და ჩასახლებულები და თქვა, რომ ჰამასი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლების განხილვისთვის არის მზად.
გუშინ საღამოს ჰამასმა პირველი ორი მძევალი გაათავისუფლა. ესენი არიან აშშ-ს მოქალაქეები ჯუდიტ ტაი რაანანი და მისი 17 წლის ქალიშვილი ნატალი რაანანი.-
ქალები ნათესავებს სტუმრობდნენ კიბუც ნაჰალ ოზში, სამხრეთ ისრაელში, როცა მას ჰამასი დაესხა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისინი ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალების მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. მოლაპარაკებები მძევლებთან დაკავშირებით კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა.
შაბათს ისრაელის სამხედროებმა განაახლეს მძევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ისლამისტებს მძევლად ჰყავთ 210 ადამიანი და არა 201, როგორც წინა დღეებში იყო ცნობილი.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ისრაელისა და კატარის ხელისუფლებებს ქალების გათავისუფლებაში დახმარებისთვის:
”აშშ მუშაობს 24 საათის განმავლობაში ამერიკელი მძევლების გასათავისუფლებლად და აგრძელებს ძალისხმევას ჰამასის მიერ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფთა გასათავისუფლებლად. როგორც მათ ოჯახებს ოჯახებს ვუთხარი, როდესაც მათ გასულ კვირას ვესაუბრე, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ მათ ახლობლებს სახლში არ დავაბრუნებთ. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს იმაზე მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკელების უსაფრთხოება, რომლებიც მძევლად არიან აყვანილი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.”