ალბათ, წონაში მოიმატა და დაკლება უნდა – რიჟვაძე აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილეზე

“ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება”,- ასე პასუხობს “ბათუმელების” კითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას შესახებ.

“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის ორი – ერთი არის პოლიტიკური შოუ და მეორე, ალბათ, წონაში მოიმატა და უნდა დაკლება”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს მილორავა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამაც. მათი განცხადებით, მილორავამ “ევროპული საქართველოს” 2017 წელს თანხა შესწირა.

“ასეთ კომენტარებს პოლიტიკური მომავლის პირები არ უნდა აკეთებდნენ. ეს პირები განმარტავდნენ, რომ ისინი იყვნენ ნეიტრალურები. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენ მიმართ, ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე” – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ემზარ პაქსაძემ.

მე-8 დღეა, ორგანიზაცია “მე მიყვარს ბათუმის” წევრი, ალექსანდრე მილორავა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს. ის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, კოხრეიძეს უნდობლობა გამოუცხადოს.