,,დღეს შეტყობინებას მიიღებენ” – რა რეკომენდაციებს აძლევს საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრები სმს შეტყობინების სახით რეკომენდაციებს მიიღებენ.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

  • პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
  • შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).
  • გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები”,- წერს ჯაღმაიძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, მართლმადიდებელ ეკლესიებში ლიტურგიაზე მრევლის დასწრება საპატრიარქოს არ აუკრძალავს, ასევე, არ შეუცვლია 1 კოვზით ზიარების წესი.

მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს.