ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე გაზაფხულზე – ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი და ვაქცინის შემოტანაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ადრე გაზაფხულზე ბრიტანული ვაქცინის, ასტრაზენეკას 500 ათასი დოზა საქართველოს ხელმისაწვდომი იქნება, თუ მას ჯანმო პრეკვალიფიკაციას მისცემს.

“ორიენტაცია ახლა გვაქვს ასტრაზენეკას ვაქცინაზე, რომელსაც იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში აწარმოონ, სჭირდება ჯანმოს პრეკვალიფიკაცია. დეკემბერში მოსული წერილის მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე გაზაფხულზე”, – ამბობს აკაკი ზოიძე ფორმულასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსული ვაქცინა საერთოდ არ განიხილება, 10–ჯერ რომ მიიღოს პრეკვალიფიციკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან.

“ჩვენ გვინდა, რომ ავცრათ მინიმუმ 20–25%, რეალისტური გეგმა ეს არის”,– აცხადებს ზოიძე.