სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთში 7 ივნისს გაიმართა გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მომდევნო წლებისთვის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს. წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზეა „სამოქალაქო შეთანხმება“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 94 პროცენტის დამუშავების შემდეგ, ლიდერობს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“. პარტია ხმების 50,07 პროცენტს იღებს.

ოპოზიციური ალიანსი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, ხმების 23,35 პროცენტს აგროვებს. ოპოზიციური ძალების კიდევ ერთი ბლოკი — „სომხეთი“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, 9,96 პროცენტს იღებს. მეოთხე ადგილზეა ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც ხმების 3,99 პროცენტი მიიღო. სომხეთის ყოფილი ომბუდსმენის, არმან ტატოიანის პარტია „ერთიანობის ფრთები“ ამომრჩეველთა 2,28 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს.

საბოლოო აქტივობამ 58,97 პროცენტი შეადგინა. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2018 და 2021 წლების არჩევნებზე.

სომხეთის პარლამენტი — ეროვნული კრება — ამ დროისთვის 105 დეპუტატისგან შედგება. მათგან ოთხი მანდატი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის არის გამოყოფილი — იეზიდებისთვის, რუსებისთვის, ქურთებისთვისა და ასირიელებისთვის.

ნიკოლ ფაშინიანი კენჭისყრის შედეგებზე

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შესახებ უკვე განაცხადა, თუმცა იმ მომენტისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების 20 პროცენტზე ნაკლები ჰქონდა დამუშავებული.

„პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ მთავრობას ერთპიროვნულად ჩამოაყალიბებს“, — განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

ამ სიტყვებმა უკვე გამოიწვია კრიტიკა რამდენიმე ოპოზიციური ძალის მხრიდან. ყოფილი პრეზიდენტის ბლოკ „სომხეთში“ პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასეს როგორც „ძალაუფლების უზურპაციისკენ გადადგმული ნაბიჯი“ და „ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა“. „ერთიანობის ფრთების“ ლიდერმა არმან ტატოიანმა კი ფაშინიანის განცხადებას არაკონსტიტუციური უწოდა და აღნიშნა, რომ ის მთავრობის მეთაურის უფლებამოსილებებს სცდება.

საარჩევნო კოდექსი სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას ითხოვს

არჩევნებში 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა. კენჭისყრა პროპორციული სისტემით ჩატარდა. კანონით მინიმალური საარჩევნო აქტივობის ზღვარი დადგენილი არ არის. სომხეთში ხმის მიცემის უფლება თითქმის 2,5 მილიონ ამომრჩეველს აქვს.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომუშავე სომეხი დიპლომატებისთვის ელექტრონული კენჭისყრა იყო ორგანიზებული.

პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 4 პროცენტს შეადგენდა; ბლოკებისთვის, რომლებშიც სამი პარტია შედის — 8 პროცენტს; ხოლო ოთხი ან მეტი პარტიისგან შემდგარი ბლოკებისთვის — 10 პროცენტს.

საარჩევნო კოდექსი სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის – 54 პროცენტის  ფორმირებას უზრუნველყოფს. თუ არჩევნების შედეგებით ან პოლიტიკური კოალიციის შექმნის გზით სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

არჩევნების გადამწყვეტი მნიშვნელობა

2025 წელს ფაშინიანმა კანონმდებლობით დაამტკიცა ევროკავშირთან დაახლოების კურსი, რამაც ერევანი მოსკოვთან დაპირისპირების გზაზე დააყენა. ამასთან, თავად პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ არ ისწრაფვის. ოპოზიციას კი აერთიანებდა სურვილი, რომ ქვეყანამ რუსეთთან მჭიდრო კავშირები შეინარჩუნოს.

მოსკოვი უკმაყოფილებას გამოხატავდა ფაშინიანის ევროკავშირთან დაახლოების კურსის გამო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ სომხეთში არსებული ვითარება ჰგავს იმას, რამაც უკრაინაში „კრიზისის“ დაწყება გამოიწვია. არჩევნებამდე რუსეთმა სომხური ალკოჰოლის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ყვავილებისა და თევზის იმპორტზე აკრძალვები და შეზღუდვები დააწესა.