აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება- გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმდება და ინფიცირების ტემპი იზრდება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა.

„დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში”,- აცხადებს გახარია.

ის ასევე აღნიშავს, რომ საქართველოს 1200 სოფლის ექიმი და 2000 ოჯახის ექიმი ჰყავს და აუცილებელია მათი მზადყოფნა შემოწმდეს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.