ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალტიის ქვეყნების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევა-მარია ლიიმეტსმა, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მას დიალოგის ძირის გამოთხრის საფრთხედ აფასებენ.

“ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური ვითარების გამო და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმოქმედოს თავშეკავებულად, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის მოსაძებნად საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად.

ჩვენ შეშფოთებული ვართ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებით. ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის.

ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დაუკავშირონ თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზანს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად” ,– წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.