გიორგობიანმა მიუთითა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ნათესავი დაზარალებული იყოს – კუპრავა

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის მიზეზად ის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირთან, ფოტოგრაფთან მის ნათესაურ კავშირს ასახელებს.

კუპრავა აცხადებს, რომ ნინო გიორგობიანმა საგამოძიებო ორგანოს პირდაპირ მიუთითა, რომ იაკობ ბრეგვაძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს.

„პირდაპირ მიუთითა საგამოძიებო ორგანოს, რომ მისი ახლო ნათესავი არის მისი ინტერესის სფერო და მისი დაზარალებული სტატუსი არ შეიცვლება. პირდაპირ მითითება მისცა საგამოძიებო ორგანოს, რომ უნდა იყოს დაზარალებული. ამ საქმეში დაზარალებული ერთი პირია და ეს არის გიორგი შაქარაშვილი. ნინო გიორგობიანის განცხადება იყო გავლენის მოხდენის მცდელობა, ამიტომ მისი უფლებამოსილების შეჩერებას ვითხოვთ“, – თქვა ზვიად კუპრავამ.

გუშინ შსს–ს მაღალჩინოსანმა, გიორგობიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია. მისი თქმით, ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და “ამ რეალობას ვერავინ შეცვლის”.

კუპრავას ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობიას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის შედეგები, ის ალბათ მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.