დაეხმაროს საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვირუსი კონტროლს ექვემდებარება, ხოლო სომხეთში საავადმყოფოებში პაციენტების სამკურნალოდ ადგილი აღარ აქვთ.

„დღეის მონაცემებით, სომხეთს კორონავირუსის 11 221 დადასტურებული შემთხვევა აქვს (698 ბოლო 24 საათში), დღეს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ საავადმყოფოებში ადგილი აღარ გააჩნიათ და პაციენტებს სახლში მოუწევთ მკურნალობა. ახალი კორონავირუსისგან სომხეთში გარდაიცვალა 176 ადამიანი.

საქართველო დღეს მკურნალობს 144 ინფიცირებულს, 644 კი გამოჯანმრთელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სისტემასაც გააჩნია დამატებითი ადგილები.

ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად“, – წერია პეტიციაში.