დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და “მთავარ არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის, გვანცა წულუკიძის ინფორმაციით, დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

“ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!

ბრწყინვალე შვიდეულში, სასულიერო პირების მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა!
ალბათ მერე გასწორდნენ წელში და დაიწყეს გალობა”,– წერს წულუკიძე Facebook–ზე.

მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ ფიზიკური დაზიანებები ჟურნალისტსა და ოპერატორს აქვს.

“სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც ივერი მელაშვილს, ისე ჟურნალისტებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა, ივერისთან მიმართებაში არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა. ფიზიკურად შეეხნენ ჟურნალისტს და ოპერატორს”,– თქვა მარიკაშვილმა.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.