დავით ფურცხვანიძემ ყალბი მტკიცებულებები დაფინანსების მიღების მიზნით შექმნა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, დავით ფურხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება.

პროკურატურის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფურცხვანიძის მიზანი საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირება და დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მიღება იყო.

მანვე აღნიშნა, რომ ფურცხვანიძე აპირებს ქვეყნის დატოვებას, დაჯავშნილი აქვს ბილეთები ერთ-ერთ ქვეყანაში გასაფრენად, ასევე, შექმნილი აქვს ქვეყნის გარეთ სპეციალური ანგარიში, ამიტომ მის დაპატიმრებას მოითხოვენ.

რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშილის დაკავებას, პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების დასადგენად.

დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.