ბიძა რომელიც მოწმეს ჩვენების მიცემის გამო ემუქრებოდა დაკავებულია – პროკურატურა ნინოწმინდაზე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, გ.ჩ.-ს მიმართ მუქარისთვის მის ბიძას, ჩ.გ.-ს ბრალი წარედგინა. გ.ჩ დაზარალებულად ცნეს და შესთავაზეს მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.

“გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე.

პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დრომდე თავს იკავებდა აღნიშნული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კომენტირებისგან. ამასთან, ადვოკატი და დაზარალებული გ.ჩ. ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური. მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.

ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.