ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

ევროკავშირი აცხადებს, რომ ევროპაში ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე გაზაფხულზე ვარაუდობდნენ. ევროკომისიამ 2020წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. წინა გათვლები არ ითვალისწინებდა იმას, რომ საკარანტინო ზომები ასე ნელა და თანდათანობით მოიხსნებოდა.

ევროკომისიის ზაფხულის პროგნოზში ნათქვამია, რომ ევროზნის მშპ 2020 წელს 8.7 %–ით შემცირდება და 2021 წელს 6.1%–ით გაიზრდება. ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წელს 8.3%–ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.8%–ით გაიზრდება.

ამგვარად, ვარდნა მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი იქნება – 7.7% ევროზონისთვის და 7.4% მთლიანად ევროკავშირისთვის. 2020 წელს ზრდა ასევე ნაკლებად მდგრადი იქნება, ვიდრე გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ.

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მისი სამშობლო, იტალია, ასევე ესპანეთი და საფრანგეთი დაზარალდებიან.

“ყოველ ევროპულ ქვეყანაში წელს უარყოფითი ზრდის მაჩვენებელი იქნება, მომავალ წელს კი ეკონომიკურ ზრდისკენ წავალთ“– აცხადებს პაოლო ჯენტილონი.

ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული აღდგენის გეგმა ყველა ქვეყნისთვის დახმარებას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, როგორ დაზარალდნენ ისინი პანდემიისგან. თუმცა ბრიუსელი ცდილობს ჩამორჩენილებს უფრო დაეხმაროს, ვიდრე მდიდრებს და ევროკავშირის კეთილდღეობის მაჩვენებელი გაათანაბროს.

ამიტომაც ევროკომისარს აშფოთებს ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა კრიზისს თავს სხვებზე ცუდად ართმევს.

“ევროპულ ქვეყნებში დაუშვებელია იდეა იმის შესახებ, რომ ეს განსხვავებებიმომავალში კონსოლიდირდება და შენარჩუნდება, იმიტომ რომ ეს პრობლემებს შექმნის ჩვენი ერთიანი ბაზრისა და ევროზონის სიმყარისთვის.“

ბრიუსელისთვის მთავარ პრობლემად გაურკვევლობა რჩება. პროგნოზები არ ითვალისწინებს კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლებლობას. თუმცა, ჯენტილიონი მის წინააღმდეგ მთავარ იარაღად ევროპულ თანამშრომლობას თვლის. ევროკომისარი ამბობს, რომ ოპტიმისტია და დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფოს მეთაური საერთო ევროპული რეაქციის აუცილებლობას აცნობიერებს. ამიტომაც აღდგენის გეგმის შემუშავება რთული იქნება, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.