ევროპამ კორონავირუსით მიყენებული ზარალი დათვალა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ახდა

კორონავიურსმა და კარანტინმა ევროპის ეკონომიკა, რომელიც ამერიკის ეკონომიკის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ღრმა კრიზისში ჩაძირა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ცხადდება: ევროკავშირი უფრო სწრაფად ღარიბდება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.

ევროკავშირი დასავლეთში ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან და ყველაზე მკაცრი კარანტინი შემოიღო. ახლა კი ეპიდემიის შედეგებს იმკის. ევროსტატის უახლესი მონაცემებით 2020 წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის ეკონომიკა 3.5%–ით შემცირდა.

ასეთი ტემპებით ის წელიწადში 13%–ით დაეცემა და ევროპა თითქმის 2 ტრილიონ ევროს დაკარგავს. და ეს იმ დროს, როცა დაახლოებით ამდენივეს დახარჯვა იქნება საჭირო კრიზისთან და ვირუსთან საბრძოლველად.

პირველი კვარტლის შედეგები მხოლოდ მომავალი კატასტროფის შესავალია. საყოველთაო კარანტინმა  ევროკავშირი მარტში პრაქტიკულად მთლიანად გააჩერა. მოქალაქეების  და ბიზნესის ჯიბეზე ძირითადი დარტყმა კი მიმდინარე, მეორე კვარტალში გამოჩნდა საგრძნობლად. თუ ვირუსი უკან არ დაიხევს და ეკონომიკის აღდგენა არ დაიწყება, ზარალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

ევროპის ცენტრობანკი არ გამორიცხავს, რომ ჯამში წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის შემხირება  ევროზონის ქვეყნებში 12 %–ს მიაღწევს. ევროზონაში ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 19 შედის. ამ ქვეყნებზე მოდის ევროკავშირის ეკონომიკის 85%, ანუ 12 ტრილიონი ევრო მთლიანი მშპ–ს 14 ტრილიონიდან.

“ეკონომიკის ვარდნის სიჩქარე და სიღრმე უპრეცედენტოა მშვიდობიანი პერიოდისთვის. ვარდნის მაშტაბი მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ადამიანებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ზომები“– ამბობს ევროპის ცენტრობანკის მეთაური, კრისტინ ლაგარდი.

რატომ ეცემა ეკონომიკა

მოკლე პასუხი ასეთია – კარანტინის გამო. რომ გავიგოთ, ზუსტად როგორ მოქმედებს კარანტინი ომის შემდგომი მსოფლიოს ეკონომიკური წარმატებით მთავარ საზომზე – მშპ–ზე, უნდა გავიხსენოთ როგორ ხდება მისი გამოთვლა.

მშპ–ს მთლიანი მოცულობა ეს არის მოხმარების, ინვესტიციების, სახელმწიფო ხარჯების და სუფთა ექსპორტის ჯამი ცალკე აღებულ ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობაში  მშპ–ს ზრდაში მთავარ როლს პირველი კომპონენტი – მოხმარება თამაშობს.

სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კარანტინის შედეგად მიყენებული ზარალი სერიოზული. ადამიანები სახლებში სხედან, ნაკლებს გამოიმუშავებენ და ნაკლებს ხარჯავენ. მაღაზიები და რესტორნები დახურულია, აკრძალულია ტურიზმი და მასობრივი ღონისძიებები – სპორტული და გასართობი. სტუმრადაც კი აღარ დადის ხალხი ერთმანეთთან საჩუქრებით.

ეს ყველაფერი მოთხოვნას და მოხმარებას ამცირებს. საფრანგეთში მაგალითად ის პირველ კვარტალში 6%–ით შემცირდა.

ინვესტიციების ვარდნა კი კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა – მინუს 12%. ბიზნესი აღარაფერს დებს განვითარებაში. ადამიანებს არ შეუძლიათ სახლის ყიდვა. კომპანიები აღარ ქმნიან მარაგებს. ინვესტიციების ნაწილი გადადებულია, ნაწილი სამუდამოდ დაკარგული – კარანტინის პერიოდში შემოსავლების შემცირების გამო ფული, რომელიც დიდი შენაძენებისა და გაფართოებისთვის იყო გადადებული, დაიხარჯა.

შედეგად, განვითარებულ ქვეყნებში მშპ–ს ორი მთავარი კომპონენტი იმდენად შემცირდა, რომ ეკონომიკა ფსკერისკენ წაიყვანა. შეზღუდვების პირობებში ამ ორი კომპონენტის ხელოვნური სუნთქვით შენარჩუნება უკეთესი დროის დადგომამდე მესამე შემადგენელს – სახელმწიფო ხარჯებს შეუძლია.  ამიტომაც ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებსაც ფული,ან მისი სესხების შესაძლებლობა აქვთ, მაშტაბურად ახდენენ ბიუჯეტიდან ეკონომიკის სტიმულირებას.

ისინი შემწეობებს ზრდიან, კერძო სექტორის თანამშრომლებს ხელფასებს ხაზინიდან უხდიან, ნაღდ ფულს ურიგებენ მთელ მოსახლეობას, ბიზნესს ლგოტებს და სუბსიდიებს აძევენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ექსტრაორდინარულ ხარჯებზე კონკრეტულად პანდემიასთან ბრძოლაში: სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაზე, მოქალაქეების რეპატრიაციაზე, დროებითი საავადმყოფოების მშენებლობაზე, წამლებისა და ვაქცინის შემუშავებაზე.

აშშ–მ ანტიკრიზისულ ზომებზე უკვე 3 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ევროპამ თითქმის 2 ტრილიონი. ჯამში კი მსოფლიო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით სახელმწიფოს მხარდაჭერის სახით უკვე გაცემულია დაპირება 8 ტრილიონ დოლარზე. ეს მსოფლიოს მშპ–ს დაახლოებით მეათედია.

ათი წლის წინანდელი კრიზისის საპასუხო ზომები ბევრად უფრო მოკრძალებული იყო. მსოფლიოს უმსხვილესმა ქვეყებმა  მაშინ 1 ტრილიონზე ნაკლები დახარჯეს.

ეს კრიზისი კი ჯერ ახლა იწყება და უკვე ბევრად მეტია დახარჯული.

მსოფლიოში უმსხვილესი პოლიტიკური კავშირი 450 მილიონი ადამიანით სხვებზე მეტად დაზარალდა. ევროკავშირზე კოვიდ 19–ის პანდემიასთან დაკვშირებული სიკვდილიანობის თითქმის ნახევარი მოდის.

აშშ–ში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა, კორონავირუსი შედარებით გვიან გავრცელდა და ჯერჯერობით მისთვის ისეთი ძლიერი ზიანი არ მიუყენებია.

ამერიკის მშპ 1.2%–ით შემცირდა პირველ კვარტალში, განსხვავებით ევროკავშირის 3.5%–ისგან. საშუალო წლიური ვარდნაც ამერიკაში წინასწარი გათვლებით ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ევროკავშირში.

წლის ბოლოს შესაძლოა ევროპა კონკურენტებზე ბევრად უკან იყოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ევროკავშირში ვარდნა (-7%)  ბევრად უფრო არსებითი იქნება ვიდრე აშშ–ში, (-6%) და იაპონიაში (-5%), მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ტიტულისთვის ბრძოლაში ევროპის მთავარი კონკურენტი, ჩინეთი კი შედარებით ადვილად გამოძვრება და მცირე მატებაც ექნება (+1.2%).

კორონავირუსმა მწყობრიდან გამოიყვანა ევროპული ეკონომიკის ძრავა. ოთხი გიგანტიდან შედარებით მსუბუქად გერმანია გადარჩა. საფრანგეთი, ესპანია და იტალია კი ლიდერები აღმოჩნდნენ როგორც სიკვდილიანობის, ასევე კარანტინის ხანგრძლივობისა და სიმკაცრის მხრივ.

შედეგად, საშუალო ევროპული 3.5%–იანი შემცირების პირობებში საფრანგეთის მშპ  5.8%–ით შემცირდა, ესპანეთისა 5.2%–ით, იტალიის – 4.7%–ით. თანაც იტალიელებისთვის ვარდნა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდა, ანუ ტექნიკურად ქვეყანა რეცესიაშია.

გერმანიის სტატისტიკა მაისის შუა რიცხვებში დაიდება, თუმცა გერმანელი ჩინოვნიკები უკვე აცხადებენ, რომ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას კარგი არაფერი ელის და ვარდნა ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მაშტაბური იქნება.