“ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა

პარტია ევროპულმა საქართველომ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

ახვლედიანმა წარდგენისას განაცხადა, რომ რადიკალური ცვლილებების ტალღა ბათუმიდან უნდა დაიწყოს და „ევროპული საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტად გაიაზრა წარსულის შეცდომები

“ვფიქრობ, რომ “ევროპული საქართველო” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და უკეთ უწყის, რას ნიშნავს საქართველოში დემოკრატიული, სამართლებრივი, სამართლიანი, ჰუმანური მმართველობა. ჩემი ღრმა რწმენით, ბათუმელებს, რომლებსაც უბრალოდ მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი, მობეზრდათ შიშში, გაუცხოებაში, კორუფციის ჭაობში და დამახინჯებულ ქალაქში ცხოვრება, იმედი მაქვს, მათი არჩევანი იქნება ევროპული, დასავლური, არარუსული გუნდი, ევროპული საქართველო, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოუტანოს როგორც ამ ქალაქს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები”. – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა წარდგენის ღონისძიებაზე.

არმაზ ახვლედიანი 2012 წელს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მან პარტია 2016 წელს დატოვა.