ევროპულ საქართველოს სიის დაკომპლექტება და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი შევთავაზეთ – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ საერთო სიის დაკომპლექტება და პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. სააკაშვილმა ამის შესახებ ტვ პირველს ვიდეომიმართვით უპასუხა.

“მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე.

მეორე იყო ჩვენი შეთავაზება ევროპულ საქართველოსთან, რომ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც მათ მიერ იქნა უარყოფილი.

ახლა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად”, -ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ევროპულმა საქართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფენ ინფორმაციას, რომ ენმ–სა და მათ პარტიას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მათი თქმით, საერთო სიის იდეა თავიდანვე უარყვეს საჯაროდ, რადგან ერთიანი სიის გაკეთება იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაბნევა და შემცირება და არა მობილიზება და გაზრდა.