ეს ჩემთვის უკიდურესად მძიმეა – გახარია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის მძიმეა. მისი თქმით, ესმის მოქალაქეების გაბრაზების, რადგან ,,პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას” უყურებენ.

შეწყალებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ან ადამიანმა რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ იმის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ უყურებენ ვიღაც პრივილეგირებულ პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები აცხადებდნენ, რომ ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. საპატიმრო გიორგი რურუას არ დაუტოვებია.