ვისაც მელაშვილის და ილიჩოვას ბედი გაღელვებთ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ – ადვოკატი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კარტოგრაფებს თავდებში ჩაუდგნენ. მისი ინფორმაციით, უფლებადამცველები გეგმავენ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოითხოვონ.

“მათ, ვისაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბედი გაღელვებთ (და ვიცი რომ ბევრს გაღელვებთ), მწერალი ხართ თუ ეკონომისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი თუ ჟურნალისტი, მღვდელთმსახური თუ მომღერალი, სპორტსმენი თუ საჯარო მოხელე, ა.შ. და ა.შ.

უახლოეს დღეებში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა. ჩვენ, ადვოკატები ვაპირებთ, სასამართლოზე პატიმრობის თავდებობით შეცვლა მოვითხოვოთ, ხოლო თქვენ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ ამ ადამიანებს.

ვინც თავდებობას გადაწყვეტთ ედუარდ მარიკაშვილს უნდა მიწეროთ, ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად. მადლობა წინასწარ”.- წერს მშვენიერაძე.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ქმედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.